პრიგოჟინი უკრაინაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას აპირებს – Bloomberg
23/03/2023 19:27:02 მსოფლიო
რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას აპირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრიგოჟინმა რუსეთის მიერ "ვაგნერის" წევრებისთვის ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ მიიღო,– იუწყება Bloomberg.
გამოცემის ცნობით, "ვაგნერს" მას შემდეგ რაც პატიმრების გადაბირების რესურსი შეეზღუდა, ცოცხალი ძალის და ტყვია-წამლის დეფიციტი შეექმნა.
გამოცემა განმარტავს, რომ კრემლს პრიგოჟინის "დამოუკიდებლობა" არ მოსწონს და მის დაჯგუფებას, რომელიც ღია დაპირისპირებაში იყო შესული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და ხელისუფლებისთვის მზარდ საფრთხედ განიხილავს. ამავდროულად, პრიგოჟინის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ მიუხედავად რამდენიმე თვიანი მცდელობისა და დიდი დანაკარგებისა, ვაგნერის ჯგუფმა მთავარი მიზანს, ბახმუტის დაკავებას ვერ მიაღწია. ორიოდ დღის წინ, პრიგოჟინმა ღია წერილით მიმართა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და ბახმუტში დახმარება სთხოვა. მანამდე კი ათობით ცხედრებთან (რუსი სამხედროების) გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა საბრძოლო მასალის მიუწოდებლობისთვის.
როგორც Bloomberg წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ პრიგოჟინი საკუთარ ძალების განლაგებას აფრიკაში გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ მომავალში მსგავს ოპერაციებს მეტი ყურადღება დაეთმობა, რადგან უკრაინაში პრიგოჟინის მებრძოლებისთვის სიტუაცია სულ უფრო რთულდება.


