
ლევან აკინი: "შთაგონებული ვარ მამაცი მაყურებლებით და ვამაყობ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან"
09/11/2019 08:18:20 სხვა, საზოგადოება
ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი გუშინ საქართველოში ფილმის ჩვენების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ "ამაყია, რომ არც ერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან".
„სიამაყით აღსავსე ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა დაიხია უკან ან გააუქმა დაგეგმილი და გაყიდული კინოჩვენება და ნაცვლად ამისა, სოლიდარობა გამოხატა. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულიდან შორსაა. მე ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ყველა მამაცი მაყურებლით, რომლებიც მედგრად იდგნენ და არ შეშინდნენ”, – წერს ლევან აკინი Instagram–ში პირად გვერდზე.
ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
როგორც გუშინ ლევან ვასაძემ განაცხადა, 9 –10 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან".
"მოვალთ ხვალ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით კინოდარბაზში შესვლას და კინოჩვენების ჩაშლას. მოვალთ ხვალ და ისევ გავაპროტესტებთ ამ საშინელებას",– განაცხადა ვასაძემ.