
თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე 27 პირი დააკავეს
09/11/2019 04:13:15 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 27 პირი დააკავეს. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.
უწყების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
მათივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აქტივისტ ანა სუბელიანზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე - დაკავებულია ერთ პირი, 1984 წელს დაბადებული შ.შ. და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით.
ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მათი ცნობით, ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
"რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში"- აცხადებენ შსს-ში
შსს–ს ცნობით, კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
როგორც გუშინ ლევან ვასაძემ განაცხადა, 9 –10 ნოემბერს იგივე განმეორდება, რაც 8 ნოემბერს ხდებოდა კინოთეატრ "ამირანთან".
"მოვალთ ხვალ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით კინოდარბაზში შესვლას და კინოჩვენების ჩაშლას. მოვალთ ხვალ და ისევ გავაპროტესტებთ ამ საშინელებას",– განაცხადა ვასაძემ.
ვასაძის თქმით, მისი თანამოაზრეები ვერის ბაღში შეკრებას 9 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყებენ, თავად კი 17:00 საათისთვის მივა.
მიუხედავად განცხადებისა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავდნენ, კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა: აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეღწევას ცდილობდნენ და პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, აგრესიით გაოირჩეოდნენ რიგი ჟურნალისტების მისამართით, გამოყენებულ იქნა პიროტექნიკაც, თუმცა აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ ქმედებებზე პასუხიმსგებლობას არ იზიარებენ, ირწმუნებიან, რომ მსგავს აქტივობებში "პროვოკატორები" მონაწილეობდნენ, ხოლო პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. კინოთეატრთან დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თავს დაესხნენ აქტივისტ ანა სუბელიანს და "რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილს.
რაც შეეხება კინოჩვენებას, ორი სეანსი შედგა, მაყურებელმა კინოთეატრებში შესვლა და ფილმის ნახვა შეძლო. ამ დროისთვის ორივე სეანსი დასრულებელია, მაყურებელმა დარბაზები დატოვა.
ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო.