ტრამპის კონკურენტი: "პუტინი სამხედრო დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს, ჩემი განცხადება კი არასწორად იქნა აღქმული"
23/03/2023 09:42:03 მსოფლიო
ფლორიდის გუბერნატორმა, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპის ყველაზე ძლიერმა კონკურენტმა რონ დესანტისმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "სამხედრო დამნაშავედ" მოიხსენია და განაცხადა, რომ იგი "სათანადოდ უნდა დაისაჯოს", ხოლო საკუთარ განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრა "ტერიტორიული დავაა", "არასწორად ინტერპრეტირებული" უწოდა.
სკანდალური განცხადება დესანტისმა, რომელიც, როგორც ელიან, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაბმას ოფიციალურად უახლოეს ხანებში გამოაცხადებს, გასულ კვირას გააკეთა.
"ნათელია, რომ ჩემი სიტყვები ტერიტორიული დავის შესახებ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ცხადია, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეიჭრა და მიიტაცა ყირიმი. ეს არასწორი იყო. მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთი არ დემონსტრირებს უკრაინის ხელში ჩაგდების, ხელისუფლების ჩამოგდებისა და ნატო-ს მიმართ მუქარის რეალურ შესაძლებლობებს, ამდენად, არ ვფიქრობ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ჩვენი ჩართულობის გასაზრდელად. თორემ რუსეთის რაიმე სახით გამართლების იდეა სრული ბოდვაა და ვთვლი, რომ პუტინი ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვა" - განაცხადა დესანტისმა.
იგი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გაცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პუტინი სამხედრო დამნაშავეა, რომელმაც სათანადოდ უნდა აგოს პასუხი".


