კულება: "პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს"
23/03/2023 07:46:16 მსოფლიო
უკრაინა ომის დასასრულებლად მოლაპარაკების იდეას ზოგადად, არ უარყოფს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ლაპარაკი მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განუცხადა.
მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე იცოდნენ, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
კულებას განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, პუტინის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსირების მცდელობის პასუხად მიიღო რეზოლუცია, რომ მასთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია.
მისი თქმით, უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე და მის შემდეგაც ჰქონდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მრავალრიცხოვანი მცდელობა, რასაც რუსეთმა უპასუხა სასტიკი შეტევების გაძლიერებით და უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიით. როგორც დმიტრო კულებამ თქვა, პუტინს სურს მხოლოდ მეტი ომი, მეტი გატაცებული უკრაინელი ბავშვი, მეტი მოკლული უკრაინელი და მეტი უკრაინული მიწის მიტაცება, ეს ბოროტება კი, ძალით უნდა გაანადგურო.


