ბერბოკი საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს: "ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს"
23/03/2023 06:57:10 პოლიტიკა
საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ხედავს საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს.
"საქართველოს მოსახლეობამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ევროკავშირს ისახავს მიზნად. ბოლო კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტის დროს მსურს, ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. თბილისში მთავრობას ვესაუბრები იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გადასადგმელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, საქმე ეხება მედიის თავისუფლებას, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და კონსტრუქციულ, ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები მნიშვნელოვნადაა განსხვავებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ეს ფასეულობები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აქ მოკლე გზები და ფასდაკლებები ვერ იქნება", – განაცხადა ბერბოკმა 22 მარტს.
ცნობისთვის: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 2023 წლის 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა, მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ასევე, პროგრამაშია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


