
კახა ბექაური - მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება
22/03/2023 14:24:59 საზოგადოება
პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა, ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო.
მისივე თქმით, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც მედიის მთავარ გამოწვევას სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკურად მიკერძოებულობა წარმოადგენდა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა, ასევე განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება, რის მიხედვითაც, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მედიამ არასწორი ფაქტი გაავრცელა, მაუწყებლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემა.
ბექაურის ინფორმაციით, ცვლილებები 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, რადგან მაუწყებლებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი, მოეყვანათ თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში. კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა ფართო დისკუსია და პრობლემის აღმოფხვრა.
კანონზე, რომლის შესახებაც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, მედიაკოალიციამ შეაფასა როგორც მედიაგარემოს გაუარესების საფრთხის შემცველი ცვლილებები. არასმათვარობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტთან დაკაშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და არაერთხელ მოუწოდეს მმართველ პარტიას არ მიეღოთ დაჩქარებულად კანონპროექტი. თუმცა 2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.