ბლინკენი – ალიევს: "მნიშვნელოვანია ლაჩინის დერეფნის გახსნა კომერციული და კერძო ტრანსპორტისთვის"
22/03/2023 07:56:26 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სატელეფონო საუბრისას ლაჩინის დერეფნის გახსნის მნიშვნელობაზე ესაუბრა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია რომ, ბლინკენმა ალიევს შესთავაზა ვაშინგტონის განგრძობადი დახმარება სომხეთთან ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში.
„სახელმწიფო მდივანი გამოვიდა ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად გამოსავლის გზების ძიების მოწოდებით და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. მან დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია ლაჩინის დერეფნის გახსნა კომერციული და კერძო ტრანსპორტისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანს ე.წ. ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, უკვე 100 დღეა ჩაკეტილი აქვს. თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ ლაჩინის დერეფნით გადაადგილება დაშვებულია ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროებისა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" კუთვნილი ავტომობილებისთვის.


