Accentnews.ge
რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდებს

რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდებს

22/03/2023 06:53:33 მსოფლიო

რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი წერილი ბაიდენის ადმინისტრაციას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა როჯერ ვიკერმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ როჯერსმა გაუგზავნეს.

"ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიაწოდოთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კასეტური საბრძოლო მასალები, როგორიცაა ორმაგი დანიშნულების, მოწინავე, ჩვეულებრივი საბრძოლო მასალები (DPICM)", ნათქვამია წერილში, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ–გვერდზე.

მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის DPICM-ზე და სხვა საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმის შედეგები ვლინდება დღეს ბრძოლის ველზე ბახმუტში და სხვა ადგილებში. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, სხვა სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, დაეხმარება უკრაინელებს გააგრძელონ რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანა.

"DPICM-ის მიწოდება საშუალებას მისცემს უკრაინას კომპენსაცია გაუწიოს რუსეთის რაოდენობრივ უპირატესობას როგორც ცოცხალი ძალით, ისე საარტილერიო რაუნდებში და ასევე, საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონცენტრირდეს უნიტარული ქობინების გამოყენებაზე უფრო მაღალი ღირებულების რუსული სამიზნეების წინააღმდეგ", - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის: უკრაინისა და რიგი დასავლური გამოცემების გამოძიების შედეგების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში კასეტური ბომბები რამდენჯერმე გამოიყენა. როგორც CNN იუწყება, უკრაინა აშშ-ს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებისთვის კასეტური ქობინების მიწოდებას დიდი ხანია, სთხოვს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს.

როგორც გამოცემა წერს, სხვა ქვეყნისთვის კასეტური ქობინების გადაცემა კონგრესის დადგენილებით არის შეზღუდული და აღნიშნულის გამო საკითხი სიღრმისეულად არც განხილულა.

CNN იტყობინება, რომ კასეტური ქობინების მიწოდება კიევისთვის უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა.

თავის მხრივ, გამოცემასთან საუბრისას უკრაინელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კიევი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას აპირებს რუსული ჯარების წინააღმდეგ და არა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

"კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, ყველაზე დიდი არის საფრთხე, რომელსაც იგი სამოქალაქო პირებს უქმნის, რადგან ხშირად აუფეთქებელ მდგომარეობაში რჩება ბრძოლის ველზე. ამ დროისთვის, აშშ-ს არ სჯერა, აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინის ბრძოლის ველზე წარმატებისთვის აუცილებელია", – იუწყება CNN.

თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ რუსები ფართოდ იყენებენ კასეტურ ბომბებს და ძირითადად – სამოქალაქო ადგილებში. უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო იმ ოფიციალურ პირებს შორისაა, რომლებიც აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების მხარდამჭერია.

”ეს ძალზე მნიშვნელოვანია და პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ნამდვილად შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. ამით უკრაინა ამ ომს ბევრად უფრო სწრაფად დაასრულებს ყველას საკეთილდღეოდ", – განუცხადა მან CNN-ს

აღსანიშნავია, რომ კასეტური იარაღი 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია, თუმცა ამ კონვენციას არ შეერთებია არც უკრაინა, არც აშშ და არც რუსეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S