რა თქვეს ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა კრემლში გამართული ოფიციალური შევხედრის შემდეგ
21/03/2023 19:12:52 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შორის კრემლში გამართული ოფიციალური შეხვედრა დასრულდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, აუდიენცია სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს.
რა თქვა ვლადიმირ პუტინმა
პუტინმა პრიორიტეტებად დაასახელა ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ჩინეთი რუსეთის წამყვანი უცხოური სავაჭრო პარტნიორია", – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაზე მუშაობას.
"რუსეთი ჩინეთს ეხმარება ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენებაში", – განაცხადა პუტინმა.
ამასთან პუტინის თქმით, მან და სი ძინპინმა მოლაპარაკებებისას დიდი ყურადღება დაუთმეს პეკინის სამშვიდობო წინადადებებს, რომლებიც, პუტინის თქმით, "შესაძლოა, საფუძვლად დაედოს უკრაინაში ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას, როცა დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან“.
რა თქვა სი ძინპინმა
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ძალიან ბედნიერია“ მოსკოვში ყოფნითა და პუტინთან შეხვედრით, რომელსაც მან მადლობა გადაუხადა „ტრადიციული სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის“.
ჩინეთის ლიდერმა მოლაპარაკებები შეაფასა როგორც „ღია და მეგობრული“ და აღნიშნა, რომ იგი და პუტინი უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარებიან ერთმანეთს და მომავალშიც აპირებენ დარჩნენ „სტრატეგიული პარტნიორები“.
ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას სი ძინპინმა დააზუსტა, რომ ყურადღების ცენტრში იქნება ენერგომატარებლებით, ნედლეულითა და ელექტრონიკით ვაჭრობა.
უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიან წინადადებებზე საუბრისას სი ძინპინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას, განუხრელად იცავს გაეროს ქარტიას და მიუკერძოებელი პოზიცია უკავია".
„ჩინეთი დგას ისტორიული სამართლიანობის მხარეს", აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.


