
რამიშვილი: "არ დავბულინგდები"
21/03/2023 18:56:05 საზოგადოება
POSTV-ს წამყვანი შალვა რამიშვილი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებების მიზეზი ტელეარხის პოპულარობაა.
რამიშვილის თქმით, "POSTV-ს წონა და გავლენა იზრდება და ამიტომ გახდა საჭირო მისი და მისი თანამშრომლების დაბულინგება".
„მაგრამ ეს არ მოხდება, არ დავბულინგდები”, – განაცხადა რამიშვილმა.
ბოლო 24 საათში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ. პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.
ქალების მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას არხი განცხადებით გამოეხმაურა.
„გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით – „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ს,”- ნათქვამია არხის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეარხი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება.
კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციული წესით ისჯება და სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო სამუშაო ადგილზე ამის კონტროლი თავად დამსაქმებელსა და სახალხო დამცველს ეკისრება.
კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – 500 ლარით.
იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.