უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 120-ზე მეტი შეტევა
21/03/2023 06:02:15 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 21 საავიაციო და 9 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქების, სლავიანსკისა და კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 57 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთის ძირითად ამოცანად რჩება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა, რისთვისაც ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით. თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებებით მოიგერიეს 120-ზე მეტი შეტევა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი.


