Accentnews.ge
თურქეთმა კომპანიებს გადასცა პროდუქციის სია,რომელთა რუსეთში ექსპორტიც იკრძალება – Reuters

თურქეთმა კომპანიებს გადასცა პროდუქციის სია,რომელთა რუსეთში ექსპორტიც იკრძალება – Reuters

20/03/2023 20:47:36 მსოფლიო

თურქეთის მთავრობამ კომპანიებს გადასცა საქონლის სია, რომელთა რუსეთში ექსპორტიც აკრძალულია, – განუცხადა Reuters სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ჩეტინ თექდელიოღლუმ.

”ამ სიიდან ნებისმიერი პროდუქციის რუსეთში გატანა ბლოკირებულია, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია წარმოებული,” - განმარტა მან.

დასავლეთის მთავრობების სერიოზული განწყობის გათვალისწინებით, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლის რუსეთში ტრანზიტი, თურქეთმა გადაწყვიტა, თავი აარიდოს ევროკავშირთან დაპირისპირებას, სადაც თურქული ექსპორტის ნახევარი ერთიან საბაჟო კავშირს ექვემდებარება, – თქვა თექდელიოღლუმ. ამასთან, შეზღუდვა არ შეეხო თურქეთში წარმოებულ საქონელს. მისი თქმით, რუსეთში მათი ექსპორტი დაშვებულია.

ანკარა ევროკომისიას დაჰპირდა,რომ შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და 1 მარტიდან არ მიაწვდის საქონელს, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს,– განუცხადა სააგენტოს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა შეწყვიტეს ბევრი საქონლის შეტანა რუსეთში, მათ შორის მეორადი დანიშნულების პროდუქციის და მოწინავე ელექტრონიკის, თუმცა მოსკოვმა შეძლო დასავლური პროდუქციის იმპორტის ნაწილობრივ აღდგენა პარალელური იმპორტით - მესამე ქვეყნებიდან მფლობელის ნებართვის გარეშე საქონლის მიწოდებით.

2022 წელს თურქეთი გახდა რუსეთში საქონლის მიწოდების ერთ-ერთი ლიდერი: რუსეთში ექსპორტი 5,8 მილიარდი დოლარიდან 9,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

შეერთებულმა შტატებმა თანდათან გაზარდა ზეწოლა თურქეთზე და მოუწოდა, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლის მიწოდება რუსეთისთვის. გასული წლის განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები ანკარაში მინიმუმ სამჯერ გაემგზავრნენ სანქციების პოლიტიკის განსახილველად. ბოლო ასეთი ვიზიტი თებერვალში შედგა - აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი ჩაფრინდა თურქეთში და მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული საქონლის მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქტების.

შედეგად, უკვე იანვარში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 20%-ით შემცირდა და 1,043 მილიარდ დოლარამდე შეადგინა,ხოლო მარტიდან თურქულმა საბაჟოებმა შეწყვიტეს რუსეთში საქონლის ტრანზიტის დოკუმენტების დამუშავება. დარტყმის ქვეშ მოყვა პარალელური იმპორტის არხები, რომლებსაც რუსული კომპანიები თითქმის ერთი წლის განმავლობაში აშენებდნენ.

ტრანზიტის შეჩერება სანქციებს უკავშირდება, – განუმარტა Bloomberg-ს თურქმა მაღალჩინოსანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S