პუტინმა კვირის განმავლობაში მეორედ მოითხოვა ძალოვანებისგან, ებრძოლონ ქვეყანაში უკმაყოფილებას
20/03/2023 18:08:39 მსოფლიო
პოლიციამ მკაცრად უნდა აღკვეთოს „საზოგადოების შერყევის“ ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც „რუსეთის მტრები და მათი აგენტები“ აკეთებენ. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაჯამებელ საბჭოზე კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომლის სიტყვებს „ინტერფაქსი“ ციტირებს.
„პროვოკაციები, ქუჩის უკანონო ქმედებები ან საზოგადოების შერყევის სხვა მცდელობები უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. ისევე, როგორც ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელება“, - მიიჩნევს პუტინი.
მან დასძინა, რომ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ „ოპერატიული წყაროებიდან“ იცოდა: „ჩვენ ვკითხულობთ დოკუმენტებს, სადაც მათ საკუთარ თავს დაუსახეს ასეთი ამოცანები - საზოგადოების შიგნიდან შერყევა“.
პუტინი მიიჩნევს, რომ პოლიციასთან ერთად, რელიგიური კონფესიების, ახალგაზრდობისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთში უკმაყოფილოებს უნდა შეებრძოლონ.
მანამდე პუტინი „ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის“ ნებისმიერ მცდელობებთან ბრძოლისკენ მოწოდებით 15 მარტს გამოვიდა გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან საუბრისას.
თავის მხრივ, გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო „ანტირუსული პროპაგანდის, ძალადობისა და უკანონო საჯარო ქმედებებისკენ მოწოდების“ შემთხვევები გაიზარდა:
„ბევრია, ვისაც სურს რუსების სიმშვიდის დარღვევა, შიშის დათესვა და პანიკა. ტექნიკა, რომელსაც ისინი იყენებენ, ყოველ ჯერზე უფრო დახვეწილია, ”- წუხდა ის.
რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით რუსეთში დააჯარიმეს 2504 პირი და ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 85,7 მილიონი რუბლი.
2022 წელს რუსეთში სასამართლოებმა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მუხლით განაჩენი გამოუტანეს 1500-ზე მეტ ადამიანს.


