
ერდოღანი - თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას
17/03/2023 16:06:23 მსოფლიო
თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან ანკარაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთმა შეთანხმებების თავისი ნაწილი შეასრულა, ამიტომ იგი ვერ ხედავს რატიფიცირების საკითხის გადადების მიზეზებს.
"თურქეთი იწყებს ნატო-ში ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. საკითხი თურქეთის პარლამენტში იქნება განხილული”, - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც მან აღნიშნა, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს:
“ანკარამ სტოკჰოლმს 120 ტერორისტისგან შემდგარი სია გადასცა. ამ დამნაშავეების თურქეთისთვის გადაცემის გარეშე პოზიტიური დამოკიდებულება [ნატოში განაცხადისადმი] შეუძლებელია. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი “წითელი ხაზია” თურქეთისთვის. სტოკჰოლმის განაცხადისადმი ანკარას დამოკიდებულებას შვედური მხარის კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრავენ”.