აშშ-მა შავ ზღვაზე ახალი "დრონი" RQ-4 Global Hawk გაგზავნა
17/03/2023 12:54:35 მსოფლიო
ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4 Global Hawk შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა, -იუწყება "რადიო თავისუფლების" პროგრამა "კრიმ.რეალიი" Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკული უპილოტი საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.
RQ-4 იტალიის ქალაქ კატანიას სიახლოვეს არსებული სიგონელის ავიაბაზიდან აფრინდა, მის გადაადგილებას 20 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
მანამდე CNN წერდა, რომ ამერიკელმა სამხედროემა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის რაიონში MQ-9 Reaper ტიპის "დრონის" ჩამოვარდნის ადგილის დასათვალიერებლად და რუსეთის სამხედროების მოქმედებებზე დასაკვირვებლად გაიგზავნა, რომლებმაც "დრონის" ნამსხვრევების მოძიება დაიწყეს.
16 მარტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შავი ზღვის თავზე რუსული Су-27 ტიპის ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული მზვერავი "დრონის" MQ-9 Reaper-ის შეჯახების ამსახველი ვიდეო. "დრონი" 14 მარტს რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.
ვაშინგტონში რუსი პილოტების „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მოქმედების შესახებ განაცხადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარის შესახებ თქვეს, რომ დრონი დაზიანდა „მკვეთრი მანევრირების შედეგად“.


