სი ძინპინი რუსეთს მომავალ კვირაში ეწვევა
17/03/2023 08:51:21 მსოფლიო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ჩინეთის მმართველი "კომუნისტური პარტიის" ლიდერი სი ძინპინი რუსეთს 20-22 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით კრემლის პრეს–სამსახურმა გაავრცელა.
კრემლის განცხადების მიხედვით, "მხარეებს შორის განიხილება რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები“.
"დაგეგმილია ასევე აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში. ასევე ხელი მოეწერება მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტებს", – აცხადებენ კრემლში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ შედგება „აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“, ვიზიტის მთავარ მიზნად კი რუსეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცება სახელდება.
ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია მოსკოვში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
იხილეთ ასევე: Politico – ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს ათასობით შაშხანა, "დრონების" დეტალები და ჯავშანჟილეტები მიაწოდეს.


