ბრიტანეთის მინისტრებს TikTok-ს გამოყენება აეკრძალათ
17/03/2023 06:14:24 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციის TikTok გამოყენება აეკრძალათ. BBC-ს ცნობით, აკრძალვის არგუმენტად უსაფრთხოების საკითხი სახელდება. ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთმა შესაძლოა, უწყებრივ ტელეფონებზე დაცულ მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა შეძლოს.
სოციალური ქსელი TikTok კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ მომხმარებლების მონაცემებს თითქოს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. TikTok-ს პრეს–სპიკერი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება "ფუნდამენტურად მცდარ წარმოდგენებს" ეფუძნება.
დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.


