რაზე ისაუბრეს ჩინეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
16/03/2023 18:13:00 მსოფლიო
ჩინეთი შეშფოთებულია უკრაინაში ომის ესკალაციის გამო და სურს, რომ მოსკოვმა და კიევმა მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა ცინ განმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას 16 მარტს.
ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს, რაციონალურობას და თავშეკავებას და რაც შეიძლება მალე განაახლებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
ცინ განის თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა და რუსეთი ომის პოლიტიკური გადაწყვეტის კარს არ დახურავენ, იტყობინება Reuters.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან თავის ჩინელ კოლეგასთან განიხილა „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა“.
„მე აღვნიშნე ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ მნიშვნელობა აგრესიის შესაჩერებლად და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის აღდგენისთვის“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დასავლეთი პროვოცირებას უწევს შეიარაღებულ კონფლიქტს და „ცეცხლს აღვივებს“ უკრაინისთვის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად იარაღის მიწოდებით. მან გაიმეორა პეკინის ნეიტრალური პოზიცია ომში, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობა“ და უარს აცხადებდა რუსეთის შეჭრის კრიტიკაზე.
„მცდელობები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არაერთხელ ჩავარდა. როგორც ჩანს, ეს არის უხილავი ხელი, რომელიც უბიძგებს კონფლიქტის გახანგრძლივებასა და ესკალაციას და იყენებს უკრაინის კრიზისს გარკვეული გეოპოლიტიკური პროგრამისთვის“, - თქვა ჩინელმა დიპლომატმა.
თებერვალში ჩინეთმა წარმოადგინა ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“, მაგრამ დოკუმენტი სკეპტიკურად მიიღეს როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. ექსპერტების აზრით, პეკინი არ გვთავაზობს ახალ ინიციატივებს მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
იხილეთ ასევე: რა უნდა ჩინეთს უკრაინის ომში


