Accentnews.ge
მედია – პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს

მედია – პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს

16/03/2023 09:51:55 პოლიტიკა

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო, – იუწყება "რადიო თავისუფლება" ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში. იოზვიაკის თქმით, საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.

მიმდინარე კვირაში პოლონეთის მთავრობის პრეს–სპიკერმა პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს.

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S