
პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები პრეზიდენტს მიმართავენ, ნიკა გვარამია შეიწყალოს
16/03/2023 08:47:58 საზოგადოება
პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ შეიწყალოს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შეწყალებას იურიდიულად ხელს არაფერი უშლის.
პროფესორ ზურა პაპასკირის თქმით, ნიკა გვარამიას უკანონო დაკავება ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
"ნიკა გვარამია რომ უსამართლოდაა დაპატიმრებული, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს იცის უკვე ევროპამ. ეს იცის იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ეს დიდი დამაბრკოლებელი პატიმრობა, აუცილებლად უნდა შეწყდეს. გვარამიას თავისუფლება დღეს სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა პაპასკირმა.
გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ მწერლებმა და ლიტერატორებმაც მიმართეს.
ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.