შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ოსტინსა და შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
15/03/2023 19:23:26 მსოფლიო
შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აშშ–ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ოსტინმა განაცხადა.
მან საუბრის დეტალები არ გაამჟღავნა.
მისი თქმკით, ამერიკული "დრონი" საერთაშორისო საჰაერო სივრცეში "რუტინულ ოპერაციებს“ აწარმოებდა.
"რუსული თვითმფრინავი ეწეოდა საშიშ, დაუფიქრებელ და არაპროფესიონალურ ქცევას შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. ინციდენტი რუსეთის მხრიდან აგრესიული, სარისკო და სახიფათო ქცევააა", დასძინა ოსტინმა.
აშშ–ის განცხადებით, 14 მარტს ამერიკული "დრონი" ასრულებდა რუტინულ მისიას დაახლოებით 120 კილომეტრში ანექსირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სივრცეში, რა დროსაც მას გზა ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მოუჭრა. ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი გამოედო "დრონის" პროპელერს, რის შედეგადაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს "დრონის" ჩამოგდება მოუწიათ, იტყობინება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.
დღეს როგორც თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, "დრონის" ნარჩენები შესაძლოა, არასოდეს ამოიტანონ ზღვის ფსკერიდან. დღესვე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს ზღვიდან ამერიკული დრონის ნარჩენების ამოღებას.
MQ-9 Reaper ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაყოს ჰაერში.


