შოლცი: "შვედეთისა და ფინეთის ნატო–ს გაწევრიანებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის"
15/03/2023 16:30:30 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„გვსურს, რომ ორივე ქვეყანა ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა არსებული საშუალებით, რათა ეს პროცესი სწრაფად განვითარდეს. ჩვეულებრივ ხანგრძლივობასთან შედარებით, ეს რეალურად სწრაფი პროცესია. შვედეთისა და ფინეთის ნატო–ს გაწევრიანებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შოლცმა.
თურქეთი ფინეთის განაცხადს ნატო–ში გაწევრიანების შესახებ უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, – იუწყება Reuters თურქ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
"ანკარა გეგმავს, დაამტკიცოს ფინეთის განაცხადი შვედეთისგან დამოუკიდებლად, თურქეთში 14 მაისისთვის დანიშნული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თურქეთის პარლამენტი, დიდი ალბათობით, მოახდენს ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას აპრილის შუა რიცხვებამდე, სანამ არჩევნების გამო დაიხურება", – განუცხადეს თურქმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 29 იანვარს მიანიშნა, რომ ანკარა შეიძლება, დათანხმდეს, რომ ნატო–ში ფინეთი შვედეთზე ადრე იქნეს მიღებული.
ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.
თურქეთში ასევე მკვეთრად გააკრიტიკეს შვედეთში რადიკალური აქტივისტების გამოსვლები, რომლებსაც თან ახლდა ყურანის დაწვა. მაგრამ შვედეთის ხელისუფლება ამ აქციებს გაემიჯნა.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო–ს მის რიგებში გაწევრიანების სურვილით ერთდროულად გასული წლის მაისში რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრიდან მალევე მიმართეს. ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც დიდი ხანია, ნეიტრალურები არიან, შეთანხმდა, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესში კოორდინირებულად იმოქმედებენ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ - ცალ-ცალკე.
იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდნენ, მათი გაწევრიანება კავშირის 30-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.


