
ბათუმში ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბიჭი თურქეთში გადაიყვანეს
15/03/2023 09:39:58 საზოგადოება
ოჯახის გადაწყვეტილებით, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს 3 წლის ბიჭი, რომელიც 12 მარტს ბათუმში ძლიერი ქარის გამო გადაყირავებულ ბატუტზე მძიმედ დაშავდა.
„ნეიროქირურგიული ჩარევა იყო ჩვენთან. აღენიშნებოდა თავის ქალის ტრავმა. მდგომარეობა რჩებოდა სტაბილურად მძიმე. წუხელ გადაიყვანეს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო დაწესებულებაში", -აცხადებენ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში.
ძლიერი ქარის ამოვარდნის დროს ბათუმის ბულვარში, არაგანის ტბასთან მდებარე საბავშვო ბატუტი ამოტრიალდა. ამ დროს ბატუტზე იმყოფებოდნენ 9 და 3 წლის ძმები. თვითმხილველების თქმით, ქარმა ბატუტი მაღლა აიტაცა და ამოაყირავა. 3 წლის ბიჭი დაშავდა, მისი 9 წლის ძმა მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.
13 მარტს შსს-მ დააკავა კაცი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.