
დეკანოიძე და კორძაია აკადემიურ წრეებს საქართველოს უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებენ
15/03/2023 09:11:19 საზოგადოება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია აკადემიურ წრეებს საქართველოს უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
თამარ კორძაიას თქმით, "რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ "ქართული ოცნება" საქართველოს უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს თავს ესხმის და ცდილობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გააქროს".
"ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ რიგში საქართველოს უნივერსიტეტზე და მერე თავისუფალ უნივერსიტეტზე თავდასხმით "ქართული ოცნება" ცდილობს, კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს შეტევა მიზნად ისახავს სწორედ ამ თავისუფალი ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ უნივერსიტეტებთან მიმართებით, თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ყველა უნივერსიტეტს მიადგება ეს ხელისუფლება",- თქვა თამარ კორძაიამ.
დეკანოიძის შეფასებით, მმართველი პარტიისთვის განათლებული, პატრიოტი და თავისუფალი ახალგაზრდები საფრთხეს წარმადგენენ.
"ყველა ის ახალგაზრდა და საქართველოს ახალგაზრდები ყოველთვის იქნებიან დემოკრატიის და საქართველოს მომავლის სადარაჯოზე. ეს დაამტკიცა იმ პროტესტმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. განათლებული და ძალიან პატრიოტი თაობა, ის ადამიანები, ვინც სწავლობენ და თან მუშაობენ, როგორც ჩანს, არის ძალიან დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის და ამ ხელისუფლების პირველი ნაბიჯი პროტესტის შემდეგ იყო პირდაპირ დარტყმა განათლებაზე, უნივერსიტეტებზე. ეს არის ზუსტად მათი შემდეგი ნაბიჯი - ახალი რუსული კანონების პარალელურად, განათლებაზე დარტყმა. ყველა ჩვენგანი, არა მხოლოდ განათლების სფეროში, ყველა ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული სტუდენტების, უნივერსიტეტების, პროფესორების და იმ სივრცეების, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ გარემოში იღებენ ცოდნას. არავითარი რეპრესიების საშუალებას არ მივცემთ ოცნებას",- აღნიშნა დეკანოიძემ.
გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კაბახიძემ განაცხადა, რომ გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, „რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა":
„ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.“.