
როგორ გეგმავს კრემლი მოლდოვის პოლიტიკაში ჩარევას – ჟურნალისტებმა კიდევ ერთი რუსული სტრატეგია შეისწავლეს
15/03/2023 09:12:14 ევროპა
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული სპეცსამსახურები ფიქრობდნენ მოლდოვას დაკავებაზე და მეორე ფრონტის დნესტრისპირეთში გახსნაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მოსკოვმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამ გეგმაზე და აირჩია ეკონომიკური ზეწოლის სტრატეგია, – იტყობინებიან "Досье" და ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმი, რომლებმაც შეისწავლეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგია "მოლდოვას პოლიტიკური და ეკონომიკური დამორჩილების შესახებ". იგი შეიმუშავა იმავე გუნდმა, რომელმაც შექმნა ბელარუსის სტრატეგია.
მუშაობაში მონაწილეობდნენ RISE, Delfi, Kyiv Independent, Belarusian Investigative Center, Yahoo News, Süddeutsche Zeitung, Westdeutscher Rundfunk, Norddeutscher Rundfunk, Expressen, Frontstory და VSquare.
დოკუმენტის თანახმად, 2022 წლამდე კრემლი გეგმავდა, ხელი შეეშალა მოლდოვის ხელისუფლებისთვის დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებიდან რუსეთის გამორიცხვაში და სურდა რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნება არაღიარებულ ტერიტორიაზე.
როგორც იტყობინებიან, მთავარი ბერკეტი ეკონომიკური ზეწოლა იყო, ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ქვეყანაში გაზის მიწოდების მოცულობის შენარჩუნება.
„მოლდოვა ცნობილია რუსულ გაზზე მაღალი დამოკიდებულებით და ექვემდებარება განმეორებით და გახანგრძლივებულ სავაჭრო ემბარგოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
პოლიტიკური მიზნების შესაბამისად და რუსეთის მიერ გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების აღიარებასთან ერთად, გეგმის ეკონომიკური ნაწილი კვლავაც ორიენტირებულია რუსული გაზის მიწოდებაზე. ეს შეინარჩუნებს მოლდოვის ცალმხრივ დამოკიდებულებას რუსეთზე და კიდევ უფრო დაამძიმებს მისი მოსახლეობის მდგომარეობას გაზის გაბერილ ფასებში მიწოდებით და გაზის შეწყვეტის მუქარით, განსაკუთრებით ზამთარში, როგორც ეს იყო აქამდე, თუნდაც პრორუსული მთავრობების დროს“, - განუმარტა Yahoo News-ს გაზზე დამოკიდებულების პრინციპი გაეროში მოლდოვის ყოფილმა წარმომადგენელმა ვლად ლუპანმა.რუსეთის ხელისუფლება ასევე აპირებს პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნას მოლდოვაში. ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს მოლდოვა-რუსული ბიზნესკავშირი, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსეთის ყოფილი გენერალური პროკურორის შვილთან, იგორ ჩაიიკასთან ერთად დააარსა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2021-2022 წლებში ორგანიზაციამ იგორ ჩაიიკასგან 20 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო. აშშ-ს ხაზინა მიიჩნევს, რომ კავშირის მიზანი მოლდოველ პარლამენტარებზე ზემოქმედებაა.
კრემლი გეგმავდა რუსული მედიის შეზღუდვის თავიდან აცილებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა: 2022 წელს მოლდოვაში ექვსი რუსული ტელეარხი დაიხურა, რათა მოქალაქეები დეზინფორმაციისგან დაეცვათ.
გამომძიებლების აზრით, კრემლის შემდეგი ნაბიჯი იქნება პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსების ელექტორატის გაზრდა, პრორუსული განწყობების ჩამოყალიბება, რუმინეთთან დაახლოებისა და ნატო–სთან თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ალიანსის დისკრედიტაცია ქვეყნის მაცხოვრებლების თვალში.
„მათი სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყონ, რომ მოლდოვას არ ჰქონდეს კონტროლი საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. და კოზაკის [დიმიტრი კოზაკი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე],
გეგმაშიც კი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს იყო, ჩაიდო ამგვარი აზრი: „თქვით, ბიჭებო, ჩვენ მოგცემთ გაზს, ელექტროენერგიას, მოდით, ფედერაცია გავაკეთოთ [დნესტრისპირეთთან]. და ფედერაციის ამ კომპონენტს, რომელიც დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ექნება ვეტოს უფლება საგარეო პოლიტიკაზე. ყველაფერი აქედან გამომდინარეობს“, - თვლის მოლდოვის პრემიერ–მინისტრი დორინ რესიანი.