
"პოლიციელს ჩემს მხარზე ჩაეძინა": მოსიაშვილი აქციაზე დაკავების შემდეგ იზოლატორში გადაყვანას იხსენებს
14/03/2023 19:00:30 საზოგადოება
„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მოსიაშვილი, რომელიც რუსთაველზე 7 მარტს დააკავეს „აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაკავების დეტალებს იხსენებს.
„პოლიცელებს ვესაუბრებოდით, თუ რა ხდებოდა და ვის მხარეს უნდა ყოფილიყვნენ. როგორც ჩანს, ამ საუბრის ეშინიათ – უცებ გაღო კარი, გაჩნდა უფროსობა და დაიწყო ესკალაცია: ვიღაცას დაარტყეს, ის ადამიანი დაეცა, მერე ზურა [ჯაფარიძე] შეითრიეს, მერე მეც შემიყოლეს. მერე შიგნით რაც მოხდა: „დუბინკები“, წიხლი...ეს კარს მიღმა ხდებოდა. ფეხზე როცა წამოვდექი, მეორე „რაუნდი“ მაშინ იყო. კიდევ ველაპარკებოდით, „რა სიგიჟეს აკეთებთ?!“. მაშინ გვითხრეს, „თუ არ შეწყვეტთ ლაპარაკს, არ შევწყვეტთ ცემასო“. ჩვენც დავიღალეთ ამ ცემით და ცოტა ხანი გავჩერდით. მერე კრიმინალურმა პოლიციამ გადაგვიყვანა. ტვინის შერყევა გამივლის, მეტს გავუძლებთ, მეტს ავიტანთ, მეტს ვიზამ, ჩემი წილი თავისუფლება რომ მოვიპოვო ამ ქვეყანაში. მაგრამ პოლიციელებსაც მინდა, მივმართო – ამ ხალხზე დგას რეჟიმი. შენც ხომ იცი, რომ უსამართლოდ მოიქეცი? [მიმართავს ძალოვანებს], სად არის ზღვარი, როცა არა პოლიციელები, არამედ როგორც მოქალაქეები იპოზიციონირებთ? ეს ხალხი იცავს რეჟიმს და როცა გაუსაძლისი ხდება, გაბიან ამერიკაში და გვტოვებენ ჩვენ, ხალხს, ვინც არ ვაპირებთ გასვლას. ვისაც წამლავდით და ესროდით, არ ისინი აპირებენ წასვლას!“,– თქვა მოსიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
მისი დაკვირვებით, სამდღიანმა პროტესტმა აჩვენა, რომ სისტემა გადაიღალა. და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მაგალითი მოიყვანა:
„ამ სამდღანმა პროტესტმა აჩვენა, რომ მართლა დაიღალა სისტემა. პოლიციელს [იზოლატორში გადაყანისას] ჩემს გვერდზე, მხარზე ჩაეძინა. ვინაიდან ამერიკის თემა გამოჩნდა და იქ მირბიან, „ყოველ მეორე დღეს ვმორიგეობთ, სახლში ვეღარ მივდივარო“. დაღლილია სისტემა.