
"ალტ-ინფომ" დღეს დაარღვია კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის, ნატო–ს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადია
14/03/2023 10:33:14 საზოგადოება
"ალტ-ინფომ" დღეს დაარღვია კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის, ნატო–ს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადია.
კერძოდ, თბილისში, პარლამენტის წინ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სურდათ, სანაცვლოდ საქართველოს დროშის დაკიდება, რასაც ხელი შეუშალა ადგილზე მისულმა რამდენიმე პოლიციელმა. სამართალდამცველებმა "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე გაიყვანეს.
დემონსტრანტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე ისმის ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი შეძახილები.
აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. ისინი ასე მოიქცნენ 2021 წლის 5-6 ივლისს აქციების დროს, როცა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს.
2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატო–ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს. საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.