
განათლების სამინისტრო - აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
14/03/2023 09:08:13 საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე.
პირველ რიგში, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, სტუდენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში დაიბარეს.
კერძოდ, თსუ-ის სტუდენტმა ლუკა შველიძემ "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას განათლების მინისტრის მოადგილე, ნანუკა მიცკევიჩი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის სახელზე სამინისტროში დაშვებული არის საშვი და დღეს 2 საათზე სტუდენტს სამინისტროში ელოდებიან.
"ბატონი ელიზბარი გვეუბნებოდა იმას, რომ დაგვიბარებდნენ იქ სადაც საჭირო იქნებოდა. გვიჩიოდა უსაფუძვლო მუხლით, მისი თქმით, სისხლის სამართლის 168-ე მუხლით, რომელშიც წერია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა. [...] ნანუკა მიცკევიჩმა მითხრა, რომ ჩემზე საშვი იყო დაშვებული და დაბარებული ვიყავი განათლების სამინისტროში და დღეს 2 საათზე ვაპირებ მისვლას აუცილებლად, რადგან მაინტერესებს რისთვის მიბარებენ, კონკრეტულად მე, სტუდენტს და არა მაგალითად ვინმე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რექტორს ან თვითონ ლექტორს რატომ არ იბარებენ და პირდაპირ მე რატო მიბარებენ."- აცხადებს "ფორმულასთან" ლუკა შველიძე.
"არა რუსეთს!" - ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც "ალტ-ინფოს" ხშირი სტუმარია.