
„ოცნება“ აღარც სოხუმსა და ცხინვალს ეიმედებათ
13/03/2023 17:04:15 ანალიზი
საქართველოს მმართველ გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს: ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე მან საბოლოოდ დაკარგა ნდობა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის - საკუთარი მხარდამჭერების პროდასავლურ ნაწილში, არამედ დასავლეთშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთშიც კი, რომლის სახელისუფლებო პროპაგანდისტები ახლა ივანიშვილზე ზეწოლას ზრდიან: მათი ნაწილი „თბილისზე დარტყმებით“ იმუქრება, ნაწილი კი (რაკი კრემლს საქართველოში „ოცნების გარდა“, სხვა წონადი დასაყრდენი ძალა არ ჰყავს) მაქებარი განცხადებებით ჯერ კიდევ ცდილობს ივანიშვილის გუნდისთვის „სახის შენარჩუნებას“. „ოცნების“ „პრაგმატიზმზე“აღარც სოხუმსა და ცხინვალში ამყარებენ იმედს.
როგორც ცნობილია, აფხაზური და ოსური საზოგადოებების ნაწილისთვის „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პირველი იყო უფრო მისაღები. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ ყალბი პროპაგანდისტული გზავნილების ზემოქმედებაში მდგომარეობდა, რომელსაც „ოცნება“, მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები პრაქტიკულად უნისონში იმეორებდნენ. ვგულისხმობ ტყუილს, თითქოს „ქართული რადიკალური ოპოზიცია დასავლეთისა და უკრაინის წაქეზებით საქართველოს ომში ჩათრევასა და სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, „ქართული ოცნება“ კი ქვეყანას ამისგან იცავს, მათ შორის - რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკით“. ახლა ვითარება იცვლება და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
- იხილეს რა, როგორ იტყუება „ოცნება“, როგორ არღვევს კონსტიტუციას, როგორ ეპყრობა საკუთარ მოქალაქეებს აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ახლა აფხაზი დამკვირვებლები წერენ, რომ „აქ რაიმე კონსტრუქციულობაზე თუ პრაგმატიზმზე საუბარიც კი ზედმეტია და გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსის რუსეთის საწინააღმდეგოდ შეცვლის შემთხვევაში იგივე „ქართული ოცნება“ მარტივად შეიცვლის პოზიციას „მეორე ფრონტის“ სასარგებლოდ“;
- „ოცნების“ უკანასკნელმა ნაბიჯებმა საბოლოოდ გაუქრო მისი „პრაგმატიზმის“ იმედი აფხაზურ არასამთავრობო სექტორსა და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს, მათ შორის - ოპოზიციას, რომელთა კრიტიკული საქმიანობის ასალაგმად მოსკოვმა ქართულის ანალოგიური ე.წ. აგენტების შესახებ კანონი თბილისამდე ჯერ სოხუმში „შეაგორა“.
„აი ეს ხალხი საუბრობდა „პრაგმატიზმზე“ და „დემოკრატიაზე“? როგორ უნდა გვქონდეს ჩვენს მიმართ რაიმე სასიკეთოს მოლოდინი „ოცნებისგან“, რომელიც ყველამ ვნახეთ, რას სჩადის თავის ქვეყანაში, თავისი კანონმდებლობისა და ხალხის მიმართ?! ჩვენთანაც იგივე კანონია ინიცირებული და მას ჩვენც ვაპროტსტებთ, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას, „ოცნებისგან“ განსხვავებით, მადლობა ღმერთს, ესმის საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობა და ჯერ-ჯერობით მასთან დისკუსიას კონსტრუქციული ხასიათი აქვს“ - წერენ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში.
დე ფაქტო ხელისუფლებამ, თავის მხრივ, გალის რაიონში ძალოვანების წვრთნების ჩატარება გადაწყვიტა.
სამაგიეროდ აფხაზურ ახალგაზრდობას, რომლის პროგრესული ნაწილი ჯერ კიდევ თბილისის აქციებამდე აპროტესტებდა აფხაზეთში მოსკოვიდან შეგზავნილ რუსულ კანონსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას, თბილისში აღმოცენებულმა ახალგაზრდულმა პროტესტმა იმედი ჩაუსახა.
„რაც თბილისში ხდება, გარდამტეხი მომენტია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ჩვენთვისაც. შესაძლებლობა რომ გვქონდეს, გვერდში დავუდგებოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მედგრად უწევენ წინააღმდეგობას რუსულ დიქტატს თბილისის ქუჩებში. ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ვხედავთ - არა! ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი მტერიცაა, მისი მხრწნელი ზემოქმედება აფხაზეთს უკვე დიდი ხანია, აზიანებს, ახლა კი მის მეტასტაზებს საქართველოშიც ვხედავთ. ჩვენი მომავალი არ უნდა იყოს რუსული, ჩვენ საკუთარი მომავალი უნდა გვქონდეს და ახლა დროა, ის ერთიანი ფრონტით დავიცვათ“ - განგვიცხადა აფხაზური ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას უსაფრთხოების ინტერესებიდან გამოდინარე არ ვასაჯაროებთ.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა, თუმცა ადგლობრივი ანალიტიკოსები ამ ეტაპზე თბილისიდან რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ ელიან.
პოლიტოლოგ ვიაჩესლავ გობოზოვის შეფასებით, „სანამ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, საფრთხე სულ იარსებებს, თუმცა სადღეისოდ ცხინვალისთვის პირდაპირი საფრთხე არ დგას“.
მისივე აზრით, მოსკოვისადმი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების „თავშეკავებულობა გამოწვეულია იმის გაცნობიერებით, რომ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველოს კატასტროფა ელის და რომც შეიცვალოს ხელისუფლება, მოსკოვის მიმართ დაახლოებით იგივე პოლიტიკას გაატარებს ახალი მმართველი გუნდიც, მათ რიტორიკებში ამჟამინდელი სხვაობა კი უბრალოდ რიტორიკაა და მეტი არაფერი“.
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატი თემურ ცხურბატი კი ქართველ მომიტინგეებს უთანაგრძნობს კიდეც და თვლის, რომ ქართველების ევროპული მისწრაფებები ცხინვალისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება:
„თბილისში მიმდინარე მასობრივი პროტესტი სამოქალაქო ინსტიტუტების შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის არავითარი საფრთხის მატარებელი არაა. პირიქით, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ევროპული ვექტორი ჩვენს ახალგაზრდა რესპუბლიკებს რეგიოში მეტი სტაბილურობის დამყარების იმედს უნდა აძლევდეს. პირადად მე მხოლოდ მახარებს, რომ ადამიანები თბილისის ქუჩებში გავიდნენ და ზრუნავენ საკუთარ მომავალზე. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერის კუთხით უსწრებს რუსეთსაც, სამხრეთ ოსეთსაც“.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მობილიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას, თვლის, რომ ეს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით ხდება და საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან "მორიგ საზიზღარ ვერაგობას" არ გამორიცხავს.
იხილეთ ასევე:
ერთიანი რუსული სცენარი: რატომ იქცა აფხაზეთის ლიდერი "ოცნების" მხარდამჭერად
"პროტესტი ფანტასტიკური იყო, პირველი გამარჯვება მიღწეულია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ, რადგან "ქართული ოცნება" ასე ადვილად არ დათმობს. ჩვენ უკვე სამგზის ვიხილეთ, როგორ იხევს იგი თავიდან უკან, მაგრამ შემდეგ გაათკეცებული ძალით იღწვის თავისის მისაღევად და კიდევ უფრო მეტ საზიზღრობას სჩადის: ჯერ ვნახეთ უკან დახევა "გავრილოვის ღამის" შემდეგ, როცა კობახიძე გადადგა და პირობაც დადეს, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, მაგრამ მერე "გადაგვაგდეს"; შემდეგ შარლ მიშელის თაოსნობით შეთანხმების ხელმოწერის მერე კვლავ "გადაგვაგდეს"; ახლა "მესამე სერიაში" ვართ - "ოცნებამ" რუსული კანონი გაიწვია, ამით უკან დაიხია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ახლაც რაღაც ვერაგობის ჩასადენად ემზადება. შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით გაააქტიურეს კვლავ რუსეთის მხარდაჭერით ეს ყბადაღებული "ომში ჩათრევის" თემა: ვხედავ, როგორი მობილიზაცია ხდება დღეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, იქ გადაადგილდებიან შეიარაღებული ძალები და სწორედ "ქართული ოცნების" ჩრდილებს ვხედავ ამის მიღმა. ამიტომაც ძალიან დიდი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს, მათ შორის, თავი უნდა მოვარიდოთ იმის მსგავს განცხადებებს, როგორიც გააკეთა ამასწინათ ბ-ნმა მერაბიშვილმა" - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
იმაზე, რომ "ოცნების" ყალბი განცხადებები მეორე ფრონტის თემაზე პროვოკაციების რისკს ზრდის, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც. მან რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ:
- "ოცნების" ეს ნარატივი თანხვედრაშია კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდასთან, რაც ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს;
- "ოცნების" ეს დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან პროვოკაციების რისკებს ზრდის;
- ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო არენაზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აქვს აღებული;
- ზემოაღნიშნული არა მხოლოდ მმართველი ძალის ვალდებულებაა, არამედ ქვეყნის, რასაც დღევანდეი ოპოზიცია სრულად იზიარებს და ემხრობა.
- ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და "ლელოს" საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეწყვიტოს მეორე ფრონტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს კრემლის ინტერესების გატარება და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, იმუშავოს ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფის მიმართულებით,"- აღნიშნა აქუბარდიამ.