ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა
13/03/2023 15:47:58 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მუქარაზე, მომდევნო ექვსი თვით, 2023 წლის 15 სექტემბრამდე", - წერია განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, სანქციები გაგრძელდება 1 473 პირისა და 205 დაწესებულების მიმართ, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის შეზღუდვის ქვეშ მოექცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მისი ეკონომიკური ბაზის შესუსტების, კრიტიკულ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე წვდომის აკრძალვისა და გაგრძელების შესაძლებლობის შელახვის მიზნით.


