რუსეთი ფრონტზე ქალ პატიმრებს გზავნის – მედია
13/03/2023 14:36:59 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრებით, მათ შორის ქალებით, დატვირთული მატარებელი გაგზავნა. „ვაჟნიი ისტორიი“–სთან "Русь сидящая"–ს დამფუძნებელმა ოლგა რომანოვამ თქვა, რომ ქალები წაიყვანეს სამხრეთ რუსეთის კოლონიებიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსებმა დაიწყეს პატიმრების მიყვანა დონეცკის რეგიონში, ფრონტზე რუსული ჯარების მიერ განცდილი მძიმე დანაკარგების ფონზე.
"გასულ კვირას დონეცკის ოლქისკენ მატარებლის მოძრაობა დაფიქსირდა დაჯავშნული ვაგონებით პატიმართა გადასაყვანად. ერთ-ერთ ვაგონში მსჯავრდებული ქალები იმყოფებოდნენ", - დააზუსტეს გენერალურ შტაბში.
ოლგა რომანოვას თქმით, ასეთი ზომები რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო:
"ისინი წაიყვანეს სამხრეთ რუსეთის კოლონიებიდან. ისინი მუშაობდნენ კუშჩევკაში (კრასნოდარის მხარე). დაახლოებით ორი თვე ჰყავდათ სათბურებში და ფერმებში", - აღნიშნა რომანოვამ და დასძინა, რომ იქ ასამდე ქალი პატიმარი იყო, რომლებიც შემდეგ გაგზავნეს უკრაინაში.
იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში პატიმარ ქალებს გზავნის, პირველად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თებერვლის დასაწყისში იუწყებოდა. მაშინ სარდლობამ განმარტა, რომ დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქალაქ სნიჟნეში მდებარე ქალთა გამოსასწორებელი კოლონიიდან დაახლოებით 50 ადამიანი გადაიბირეს. შემდეგ, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დააზუსტეს, ისინი გაგზავნეს რუსეთის ტერიტორიაზე საწვრთნელად.
მანამდე „აგენსტვო“ წერდა, რუს პატიმრებს ახალი სასჯელის მუქარით აიძულებენ ომში წასვლას. საუბარი იყო სამარასა და როსტოვის რაიონებში, კრასნოდარის მხარეში და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მდებარე კოლონიებში მყოფ რუსებზე.
ოლგა რომანოვას თქმით, პატიმრებს გადაბირებაში ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროა ჩართული. მანამდე ამ საქმიანობით „ვაგნერის“ დამფუძნებელი იყო დაკავებული.


