Accentnews.ge
მოსკოვი თავდაცვისთვის ემზადება, ჩეხენ ტყეებს – მედია

მოსკოვი თავდაცვისთვის ემზადება, ჩეხენ ტყეებს – მედია

13/03/2023 12:15:46 მსოფლიო

მოსკოვის რამდენიმე რაიონში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟების მიზნით, ტყეებს ჭრიან, გაარკვია The Insider-მა სამშენებლო უბნების მონახულების შედეგად.

მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ექსპერიმენტული ველები გახდა პირველი ადგილი, სადაც გამოჩნდა S-400 საზენიტო –სარაკეტო სისტემები.

"ეს კეთდება მოსკოვის დასაცავად", - განმარტა ოფიცერმა.

გამოცემის ცნობით, ამჟამად ხსენებულ ტერიტორიაზე ოთხი ასეთი ინსტალაციაა. იქ ასევე დამონტაჟდა ორი სარადარო სადგური საჰაერო სამიზნეების აღმოსაჩენად.

აკადემიის ექსპერიმენტული ველები ასევე გარშემორტყმულია საცხოვრებელი კორპუსებით – მანძილი უახლოეს სახლამდე მხოლოდ 200 მეტრია.

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბოგოროდსკოეს რაიონში, პარკ-ნაკრძალში „ლოსინი ოსტროვი“ დამონტაჟდა ცხრა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400. ისინი ასევე 200 მეტრშია განლაგებულია საცხოვრებელი კორპუსებიდან. პრო-სამთავრობო ტელეგრ–არხები აცხადებდნენ, რომ S-400 დანადგარები უბრალოდაა განლაგებული და რომ ეს არის "შუალედური პარკინგი სამხედრო ტექნიკის გადანაწილებისთვის". თუმცა, ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ მალე ცხრა გამშვებიდან ოთხი ვერტიკალურ, საბრძოლო პოზიციაზე გადაიყვანეს. სამუშაო მდგომარეობაშია სარადარო სადგურებიც. აქ ასევე განლაგებულია სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, რომელიც შექმნილია ყველა S-400 სისტემის მართვისთვის და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და სამეთაურო პუნქტებთან კოორდინაციისთვის.

გამოცემის ცნობით, S-400-ის დამონტაჟებამ გარემოსდამცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს ადგილი სპეციალურად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიას ეკუთვნის. აქტივისტებმა მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს, რომელთაგან ერთ-ერთმა ფედერალურმა სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტმა „ლოსინი ოსტროვმა“ ასე უპასუხა: „მიმართვაში მითითებული სამუშაოები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად."

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კურიანოვოს მიკრორაიონში (პეჩატნიკის რაიონი) ტყის უზარმაზარი მასივი გაანადგურეს სამხედრო მიზნებისთვის. გამოცემის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყე.

როგორც იუწყებიან, ტყის გაჩეხვა აქტიურად 25 იანვარს დაიწყო. სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობდა: მოჭრას ერთი კვირა დასჭირდა, მეორე კვირაში მოჭრილ ხეებს ნახერხად ამუშავებდნენ. პოლიციამ და მუშებმა დაადასტურეს, რომ გაწმენდა თავდაცვითი მიზნებისთვისაა: "იყო 10 უბანი, რომელიც 55 ჰექტარს დაიკავებს. მათგან ერთში მაინც იქნება საჰაერო თავდაცვა".

აქტივისტები ეჭვობენ, რომ მოსკოვის ხელისუფლებამ ტერიტორიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება გადაწყვიტა და უბრალოდ არგუმენტად იყენებს „თავდაცვით საჭიროებებს“.

იზმაილოვსკის ტყე-პარკში, როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, საჰაერო თავდაცვის სისტემის დასამონტაჟებელი ადგილი გამოჩნდა. იანვრის დასაწყისში იქ დაიწყო მთავარი ხეივნის მხრიდან პარკის შესასვლელთან ტყის ნაწილის გაჩეხვა. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოსკოველების თქმით, 50 წელზე მეტი ასაკის ათობით ხე მოიჭრა. ადგილს პოლიცია და ეროვნული გვარდია იცავდა.

ახალ მოსკოვში სამხედრო ტექნიკა „სალარევოს“ ნაგავსაყრელზეც განთავსდა. იქ არის P-18-2 „პრიმა“ მობილური სადაზვერვო და სამიზნე დანიშნულების სარადარო სადგური. „პრიმას“ არსებობა ნიშნავს, რომ მასთან ერთად გამოიყენება მცირე ან საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა „ბუკი“ ან „ტორ“, წერს გამოცემა.

მოსკოვის ცენტრში მანამდე რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1 დაამონტაჟეს.ამასთან, ბიზნესმენებს მოუწოდეს, თავად შეიძინონ მსგავსი სისტემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S