Accentnews.ge
როგორ აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში: შეფასებები და პროგნოზები

როგორ აღიქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში: შეფასებები და პროგნოზები

13/03/2023 10:10:29 ანალიზი

„ქართული ოცნების“ გამიზნული პოლიტიკის შედეგად მსოფლიო რადარებიდან გამქრალი საქართველო სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების წყალობით კვლავ დაბრუნდა ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგში. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე ბოლო დღეებში საკუთარი პოზიცია პრაქტიკულად ყველა წამყვანმა ანალიტიკოსმა დააფიქსირა. დღეს რამდენმე მათგანის ხედვებს შემოგთავაზებთ.

პოლ გობლი:

„შოკირებული ვარ, რამდენი კანონმდებელი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში მზად, მხარი დაეჭირა აგენტების შესახებ იმ ავადსახსენებელი კანონპროექტისთვის. ეს კატასტროფაა, ეს დემოკრატიის ღალატია, საქართველოს ღალატი! ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ მმართველი ელიტა გონს მოეგება და ყურს მიუგდებს ქუჩებში გასულ თავის მოქალაქეებს. ელიტები ნებისმიერ ქვეყანაში მიდრეკილნი არიან რეპრესიული ზომების გატარებისკენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ბევრი თვლის, რომ იმის უკან, რასაც ბოლო დროს საქართველოში ვხედავთ, მოსკოვი დგას, თუმცა მე უფრო იმ აზრისკენ ვიხრები, რომ მოსკოვი არა პირდაპირ მართავს, არამედ უბრალოდ კარგად სარგებლობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ტენდენციით, იფიქროს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ქვეყნის მომავალზე“.

კენეტ იალოვიცი:

„საქართველოს მართლაც შავი დღე უდგას. ქვეყნის დასავლელი პარტნიორები გაოგნებულები არიან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებებით, მათში უნდობლობა იზრდება. თავადაც ვერ ვიჯერებ, როცა ვუყურებ, რა ხდება ქვეყანაში. ნუთუ ეს იგივე საქართველოა, რომელსაც ელჩობის პერიოდში ვიცნობდი?! თუ საქართველოს ხელისუფლება იმ გზას გააგრძელებს, რომელსაც ამჟამად ადგას, იგი ლუკაშენკოს რეჟიმად იქცევა, რაც პირადად ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნება. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს ომში ჩაბმას - ეს მხოლოდ ერთია საქართველოს ხელისუფლების უამრავ ბოლოდროინდელ ტყუილს შორის. ერთადერთი, რასაც აშშ საქათველოს მმართველ ძალას სთხოვს, ეს არის მოსკოვის მიმართ დასავლური სანქციების პატივისცემა და რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდებების შეწყვეტა. მშვენივრად ვიცით და ვაცნობიერებთ იმ ფაქტორის მნიშვნელობას, რომ საქართველოს დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს დღესაც რჩება რუსული ჯარი, მაგრამ აბსოლუტურად ვერ ვიგებთ უკრაინისადმი საქართველოს მმართველი კლასის მორალური უგრძნობობის მიზეზებს: საქართველოს ხომ იგივე აქვს გადატანილი 2008-ში და გარდა ამისა, ნუთუ არ ესმით, რა ელის ქვეყანას, თუ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს?! ფიქრობენ, დასავლელი პარტნიორებისთვის ზურგშექცეულ, რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენილ საქართველოს რუსები თავზე ხელს გადაუსვამენ?! თუ ქვეყანაზე და არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, ამას კარგად უნდა აცნობიერებდნენ!“;

ჯონ ჰერბსტი:

„ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიცირება ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი და ალბათ, ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ავტორიტარიზმისაკენ. მანამდე ვნახეთ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებთან ფიზიკური ანგარიშსწორებაც, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის მედიამენეჯერის ძალზე ბუნდვანი მოტივით დაკავებაც და ბევრი სხვა რამ, ბოლო დღეებში კი ამას დაემატა დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაც... პარალელურად თვალს ვადევნებთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივ პოზიორობას ურაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. მათი ქმდებები არ ჰგავს იმ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღმოუჩინა საქართველოს 2008 წელს. ერთი სიტყვით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს და ვთვლი, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას არ ემთხვევა. ბოლო 7-8 თვლის განმავლობაში საქართველოს მმართველი ძალა მოწყვლადობას აჩვენებს, ბრიუსელმა თბილისს 12 რეკომენდაცია მისცა, რომელიც შესასრულებლად არცთუ რთულია, მაგრამ ეწინააღმდეგება ძალაუფლების კიდევ მეტი გამყარებისკენ „ქართული ოცნების“ ტენდენციას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიწყო მმართველმა ძალამ ყალბი საუბრები ვითომდა ომში ჩათრევის მცდელობებზე და სხვა, რითაც ქართული საზოგადოების დაბნევას ცდილობს. მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილზე „ოცნების“ ამ გეგმამ არ იმუშავა და ახლა ხელისუფლება შეეცადა ზეწოლის გაორმაგებას იმ კრიტიკულ მედიასა და ორგანიზაციებზე, რომლებსაც ძალუძთ, განუმარტონ საზოგადოებას, რა ხდება რეალურად. მმართველი ძალა ავტორიტარიზმისკენ სვლას აჩქარებს და არ ვფიქრობ, რომ ეს მისთვის სიკეთით დასრულდება. თუმცა მთავარია, რით დასრულდება ეს საქართველოსთვის“.

თომას დე ვაალი:

„ქართული ოცნება“ რთულ და სარისკო თამაშს თამაშობს: თავს იკატუნებს, თითქოს დაინტერესებულია ქვეყნის ევროინტეგრაციაში (საგარეოს ხაზით მართავს შესაბამის მოლაპარაკებებს, დროდადრო აკეთებს შესაბამისი შინაარსის საჯარო განცხადებებს და სხვა), მაგრამ ამავდროულად საკუთარი ქმედებებით საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა. სწორედ ამის შესახებ ამოიღო ახლა ხმა მსოფლიოს გასაგონად ქართული საზოგადოების პროდასავლურმა უმრავლესობამ და დასავლეთმა ეს ხმა გაიგო. მაგრამ ევროპა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია: რა მოიმოქმედოს? - განაცხადოს, „საქართველო ამჟამად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ჩვენ პროცესს ვწყვეტთო“ - ეს არ იქნება სწორი სიგნალი, რადგან არ შეიძლება საქართველოს მიტოვება და კარის დახურვა იმ პირობებში, როცა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც, პრეზიდენტიცა და საგარეო უწყებაც კი ამ დრომდე პროდასავლურ პოზიციაზე არიან, მაგრამ არც „ოცნების“მთავრობის თამაშია დაუსჯელად დასატოვებელი და რა ფორმულირებით გასცემს ევროპა ამ ყველაფერს პასუხს - ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა 2024 წლის არჩევნებს ელის - შეხედავს, იქნება თუ არა უფრო სერიოზული ოპოზიცია, შედგება თუ არა ოპოზიციის დიდი კონსოლიდაცია (წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ, კვლავ „ქართული ოცნების“ მორიგ ვადასა და, შესაბამისად, დემორატიისა და ევროპული გზისგან უკან დახევას მივიღებთ). ვფიქრობ, ევროპა საქართველოს მთავრობასთან საუბარს გააგრძელებს, მაგრამ ეს საუბარი საგრძნობად გამკაცრდება. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არ მგონია, არჩევნებამდე ამ კუთხით რაიმე პროგრესს უნდა ველოდოთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S