
„პერიოდულობით შევიკრიბებით": დემონსტრანტები ევროკავშირის 12 პირობის შესრულებას მოითხოვენ
10/03/2023 08:47:40 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანეების“ ლიდერი თამარ ჯაყელი ამბობს, „აგენტების“ შესახებ არაკონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად განწყობა „ფრთხილად ოპტიმისტურა“ ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამო.
მისი თქმით, ამ პროექტების ჩაგდების შემდეგ მათი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.
„ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს, აქ გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფები. ჩვენი მთავარი სატკივარი საქართველოს რუსეთის გზაზე დაყენებაა, ხოლო მთავარი სურვილია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსის მიღება. ამისთვის საჭიროა 12 პუნქტის შესრულება. მთავრობას ჩვენ ბოლომდე არასდროს ვენდობით, ამ წუთას ჩვენი განწყობა არის ფრთხილი ოპტიმიზმი და აქ ვართ იმისთვის, რომ ბოლომდე დაველოდოთ და ეს გამარჯვება გავაფორმოთ. ეს არის თვითორგანიზებული აქცია, სადაც მოქალაქეები თავიანთი წუხილის და ბრაზის გამო იკრიბებიან. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ მოვითხოვოთ და ვიმუშაოთ 12 პუნქტის შესრულებაზე. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, ჩვენ რაღაც პერიოდულობით შევიკრიბებით აქციის სახით, თუმცა პერმანენტული აქციები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება, მაგრამ შეიძლება ხალხის მხრიდან გაგრძელდეს”, - განაცხადა თამარ ჯაყელმა.
პარლამენტთან აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები მიღწეულს შედეგს. ჟღერს საქართველოს ჰიმნი.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ჩააგდო „აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. სხდომა 40 წამს გაგრძელდა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც კვლავ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, დიმიტრი სამხარაძეა.
9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.