
იუკნევიჩიენე: "დარწმუნებული არ ვარ, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, შეცვალოს თავისი არასწორი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ“
10/03/2023 06:20:00 პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა დააანონსა, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე დარწმუნებული არ არის, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, შეცვალოს თავისი არასწორი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ“.
ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ბრიუსელში ვიზიტისას ლამაზი სიტყვებით საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რეალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან მართული პარტიას საქართველო სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს. ეს არის კრემლის მიერ შთაგონებული კანონი და ქართველი ხალხი, რომელიც უმრავლესობით მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, აპროტესტებს, რადგან "ქართული ოცნების" მიერ მათთვის არჩეული მიმართულება ეწინააღმდეგება მათ ნებას. სიტყვიერად იმის თქმა, რომ „კანონი გაწვეულია“ საკმარისი არ არის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონი მეორე მოსმენით განხილვისას უნდა ჩააგდონ. ამიტომ მათი სიტყვების დასამტკიცებლად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონის ჩაგდებას უნდა დაუჭირონ მხარი. ქართველი ხალხის ნება იყო, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის გაუქმება, რადგან ქართველებმა იციან, რომ მათი ქვეყანა ევროპას ეკუთვნის. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, შეაფასოს და შეცვალოს თავისი არასწორი პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.
დღეს პარლამენტი გამართავს პლენარულ სხდომას, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტია.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წუხელ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განმარტა სხდომისა და კენჭისყრის ჩატარების პროცედურები:
„ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე მიმართეს კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილვაზეც უარს ამბობენ, ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ: იურიდიულმა კომიტეტმა მიიწერა, რომ არ განვიხილავთ საერთოდ ამ კანონს, რადგან ავტორები განხილვის წინააღმდეგები არიან და ვინაიდან კომიტეტის ჩატარება არ არის საჭირო, პირდაპირ ბიუროს წარედგინება ეს საკითხი და ბიუროს შეუძლია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე, ამან გააჩინა იურიდიული საშუალება, რომ ამავე კვირაში ჩვენ ჩავატაროთ პლენარული სხდომა და ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, უკვე რეალიზებული იყოს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მანვე განმარტა, რომ საჭიროება აღარ არის, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.