
რუსთაველი ისევ გადაკეტილია – პროტესტს დემონსტრანტები ემატებიან
09/03/2023 15:54:06 საზოგადოება
საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირზი კვლავ გადაკეტილია. დემონსტრანტები დღეს კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ.
პროტესტი კვლავ "აგენტების" კანონპროექტზეა ფოკუსირებული და როგორც დაანონსდა, ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შესაბამისი პროცედურებით არ გაიწვევენ პარლამენტიდან კანონპროექტს, მათ შორის პირველი მოსმენით მიღებულს.
ამასთან, მოითხოვენ ამ დღეებში დემონსტრანტების დაშლისას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას.
აქციაზე გაიჟღერა უკრაინის და საქართველოს ჰიმნებმა და გაჟღერდა, რომ გენერალური მიზანი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და რომ „საქართველო არ იქნება რუსეთი“.
რუსთაველზე ხალხის რაოდენობა მატულობს.
***
თბილისში ბოლო დღეებში პიკს მიაღწია საზოგადოებრივმა პროტესტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც დააინიცირა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“. მესამე დღეა, იმართება მასშტაბური პროტესტი, მოქალაქეები მიიჩნევენ რა, რომ მსგავსი ნაბიჯი საქართველოს აშორებს დასავლეთისგან და აახლოებს რუსეთთან. მიუხედავად პროტესტისა, პარტნიორების მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 სავალდებულო რეკომენდაციასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ კურსთან – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (რომელიც კონსტიტუციით არის გამტკიცებული), პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტიდან ერთი – ე.წ. „ქართული“ ვერსია. ბოლო ორი დღის მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელსაც სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტებს და ემოციური ფონის ჩაცხრობის“ შემდეგ დააანონსა „ხალხთან შეხვედრები“ კანონპროექტის „სიკეთეების“ გაცნობის მიზნით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროტესტის ჩახშობის შემდეგ პროექტი კვლავ დაბრუნდება პარლამენტში.
გარდა ამისა, არსებობს პროცედურული საკითხიც.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით):
1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;2. აშშ-სთან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.რაა საჭირო?
1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!",– განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე.
„ქართულ ოცნებაში“ პირობა დადეს, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ და რომ აღარ დაუბრუნდებიან.