
“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან
09/03/2023 05:53:10 საზოგადოება
სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.
“სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ადამიანებს.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სადავო კანონის მიღება მეზობელ საქართველოში, დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, უფლებებსა და ადამიანის თავისუფლებებს, და ასევე დემოკრატიულ პროცესებს მთელ რეგიონში, სადაც საქართველო, თავისი სამოქალაქო საზოგადოების სახით ერთ-ერთი მოწინავეა", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო გამოსვლებია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური და საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს–ს ცნობით, 7 და 8 მარტს საერთო ჯამში, 133 პირი დააკავეს.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამომწვევი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მოძრაობიდან "ხალხის ძალა". მათი ორი კანონპროექტიდან პირველია ერთი მოსმენით უკვე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. მას მოჰყვა მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ, რომელსაც ინიციატორები ამერიკულის ანალოგს უწოდებენ. 8 მარტს ეს კანონპროექტები პარლამენტმა შესაფასებლად გაუგზავნა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას.
საქართველოს ხელისუფლებას ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე უარისკენ არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
დღეს, 9 მარტს ოპოზიციური პარტიების ერთობას და საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დანიშნული აქვთ საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ.