
BBC: "კანონის მიღებით საქართველო შეუერთდება ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას"
09/03/2023 01:51:06 საზოგადოება
BBC „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე წერს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიცია მეორე ღამეა, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადამიანები აღშფოთებულები არიან რუსული სტილის საკამათო კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო და მედია ჯგუფებს „უცხოურ აგენტებად“ შეაფასებს, თუ ისინი თავიანთი სახსრების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებენ“, - წერს გამოცემა და დასძეენს, აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.
BBC აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რასაც „ბევრი ქართველი მოსკოვის აგრესიულ ომად აფასებს, თუმცა, მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და უარს აცხადებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ღიად გამოცხადებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“.