
ეროვნული მუზეუმი: გალერეიდან დემონსტრანტები გავიყვანეთ, ექსპონატები საცავში გადავიტანეთ
08/03/2023 23:32:14 საზოგადოება
ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის მოადგილემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გალერეა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს, ექსპონატები კი სპეციალურ საცავში გადაიტანეს.
მათივე ცნობით, დემონსტრანტებს გალერეაში არც ერთი ნამუშევარი არ დაუზიანებიათ.
"შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.
ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ" - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაშალა სპეცსაშუალებების გამოყენებით – წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი აირით. დემონტრანტებმა თავი მათ შორის, ქაშუეთის ეკლესიას და ეროვნულ გალერეას შეაფარეს.