
ნინო ლომჯარია: "გუშინ 76-მა დეპუტატმა თავი მოგვჭრა"
08/03/2023 14:29:09 საზოგადოება
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის დასაცავად მშვიდობიან აქციებში მიიღონ მონაწილეობა.
მან პარლამენტის წინ აქციაზე თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაუჭირა მხარი "რუსულ კანონს" პირველი მოსმენით.
"თქვენი მიღებულია ეს კონსტიტუცია, თქვენი გამოცხადებულია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნდა იყოს დემოკრატიული წეს-წყობილება. თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს ამას და გუშინ კონსტიტუცია დაარღვიეს საქართველოს პარლამენტში 76-მა დეპუტატმა თქვენი ნების წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურია, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება", - თქვა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო პროტესტის და სწორედ ამის გამო იღებენ მსგავს კანონებს:
"გუშინ პირველი მოსმენით 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უარს ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ. ეს იყო "არა" ევროკავშირს და "კი" რუსული ტიპის მმართველობას... ევროპა ვართ ჩვენ, აქ არის ევროპა. გუშინ პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს, მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად, იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად. ამის ეშინია ხელისუფლებას. ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის და ამიტომ იღებენ ამ "რუსულ კანონს". როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონს".