
საია: აქციაზე დაკავებულების ნაწილი ქუთაისში, დუშეთში, გურჯაანსა და ხაშურში გადაიყვანეს
08/03/2023 14:07:23 საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ 7 მარტს აქციაზე დაკავებულების ნაწილი სხვადასხვა ქალაქშია გადაყვანილი, მათ შორის, ქუთაისში, დუშეთში, გურჯაანს და ხაშურში.
მისი თქმით, დაკავებულების რეგიონებში გადაყვანა ცალსახად შემზღუდავია მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რამდენადაც ფერხდება მათი ადგილსამყოფლის მოძიება, ადვოკატებთან კონტაქტი და მათი უფლებების დაცვა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი ამ წუთებშიც აგრძელებს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მათ მოძიებასა და დაკავებულების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში. ამ დროისათვის ვიცავთ 46 დაკავებულის უფლებებს. პერიოდულად ვამოწმებთ ინფორმაციას, დაკავებულებს როდის გადაიყვანენ სასამართლოში. ამ დროისათვის სასამართლოში საქმეები არ არის შესული“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შსს–ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 67 პირი დააკავეს, 66 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ერთი – სს კოდექსით.