რა ხდება, თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი

08-03-2023 17:29:02 ინტერვიუ

მიუხედავად პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის, აშშ–ის მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, მმართველი გუნდი ჯიუტად პოზიციონირებს „აგენტების“ შესახებ ანტიევროპული, ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის მხარდამჭერად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო და მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ გვარწმუნებს, თითქოს მას კავშირი არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან. თუმცა აბსოლუტურად სხვა რამ იკითხება პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 8 მარტის განცხადებაშიც: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება, ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს“. კონკრეტულად რა სახის შეიძლება იყოს ეს შედეგები? – ამ საკითხის ირგვლივ „აქცენტი“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

ბიძინა ლებანიძე: იმ შემთხვევაში, თუ კანონი მიიღეს, არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც, რა თქმა უნდა, კრიტიკული იქნება, ცხადია, ეს ავტომატურად გამორიცხავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. შესაძლოა, ფორმალურად არ თქვან, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ რეალურად პროცესი შეჩერდება, რადგან ის პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მაგალითად, უნგრეთს ჰქონდა მცდელობა, მიეღო მსგავსი კანონი, თუმცა ჯერ ვენეციის კომისიამ დადო უარყოფითი დასკვნა, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა ევროკავშირის კანონმდებლობის რამდენიმე მუხლთან, მათ შორისაა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, შეკრების თავისუფლება და ა.შ. ანუ, გამოირიცხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება.

– პარტნიორებისგან მკაფიოდ ისმის, რომ ეს კანონი უარყოფ ასახვას პოვებს ჩვენს ურთიერთობებზე. ანუ აქ ურთიერთობის არა გაღრმავებაზე, რეგრესზეა საუბარი და ეს რეგრესი რაში შეიძლება გამოიხატოს?

– გარკვეულ სფეროებში შემცირდება დაფინანსება – საგრანტო სფეროებში. მოგეხსენებათ, გრანტი ძირითადად გადამხდელთა ფულია. ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს, იკლებს დაფინანსების ოდენობა ძალიან ბევრ სფეროში. ცხადია, ეს შემდეგ აისახება ქვეყნის განვითარებაზე, რადგან უმრავლესობა სფეროებისა დამოკიდებულია სწორედ ასეთ გრანტებსა და ფინანსურ დახმარებებზე დასავლეთის ქვეყნებიდან.

– აქ ალბათ გასათვალისწინებელია „შუა დერეფნის“ საკითხიც, რომელიც მათ შორის, საქართველოზე გადის და რომლის მიმართაც ევროპის ინტერესი არსებობს. დაანონსდა რიგი მსხვილი პროექტებიც... მაინც რომელ სფეროებში ვარაუდობთ თანამშრომლობის შეწყვეტას და რომელში – შენარჩუნებას?

– მედიცინის, მეცნიერების, განათლების, მცირე ბიზნესის და ა.შ – სფეროებში, სადაც მობილიზებულია დასავლური გრანტები, შეფერხდება თანამშრომლობა. რაც შეეხება საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას დერეფნის, გაზსადენების გამო, ზოგადად, დასავლეთს არ აქვს პრობლემა, ითანამშრომლოს ავტორიტარულ რეჟიმებთან. რა თქმა უნდა, ასეთი კანონის მიღება გამოიწვევს ქვეყნის იმიჯის შელახვას, როგორც ავტორიტარიზმისკენ მიმართული ქვეყნის. აქ დასავლეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე: თუ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კანონის წინააღმდეგია, არის პროტესტი და ხელისუფლება ავტორიტარულ სტილში ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას, მაშინ შესაძლოა, დასავლეთის რეაქცია იყოს უფრო მკვეთრი, უარყოფითი. შეიძლება სანქციებზე მსჯელობაც, როგორც იყო მაგალითად, ლუკაშენკოს შემთხვევაში [ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი – რედ.]. ხოლო თუ ამ კანონის მიღებას და შემდგომ პროცესებს არ მოჰყვება საზოგადოებრივი რეაქციები, შესაძლოა, ევროკავშირიდან და ჯამში დასავლეთიდან პოზიციონირება იყოს უფრო მოზომილი. როგორც წესი, დასავლური რეაქცია დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და იმპულსებზე.

– პარტნიორების მხრიდან მანამდეც გვესმოდა მკაფიო მოწოდებები კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომ ის წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის მიერ დეკლარირებულ კურსთან. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციები გუშინაც, დღესაც. სიმწვავის თვალსაზრისით ამ გზავნილებს როგორ აფასებთ?

– საკმაოდ მწვავე განცხადებებია, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ეხება საქართველოს მიერ განცხადებულ ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც გაფრთხილება, რომ ეს გამოიწვევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის გამორიცხვას. რაც შეეხება სხვა სფეროებში თანამშრომლობას, რომლებიც არ ეხება დემოკრატიას და ეხება მაგალითად უსაფრთხოების მიმართულებას, დერეფანს – აქ შესაძლოა, თანამშრომლობა გაგრძელდეს, თუმცა ესეც დამოკიდებული იქნება იმაზე, ქვეყნის შიგნით როგორ განვითარდება მოვლენები. ანუ, თუ იქნება რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინააღმდეგ, ვფიქრობ, უფრო უარყოფითი იქნება დასავლეთის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამ სტრატეგიული სფეროების არსებობისა.

– მმართველი გუნდი შესაძლოა, ფსონს დებდეს ევროპისთვის საქართველოზე გამავალი დერეფნის მნიშვნელობაზე უკრაინის ომის, რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების კონტექსტში. ამ მოცემულობაში სანქციებზე საუბარი რეალურია? ანუ, ერთის მხრივ, დაასანქცირო მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მეორეს მხრივ – სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებში გქონდეს ურთიერთობები?

– ამგვარი გათვლა შეიძლება, რეალურად იყოს – ე.წ. გეოპოლიტიკური დივიდენდის, რომ მნიშვნელოვანი ვართ. მაგრამ ეს ინტერესი ჩვენთვის უფროა მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროკავშირისთვის: რუსეთი იყო ევროპისთვის გაზის და ნავთობის მთავარი მიმწოდებელი, მაგრამ ერთ წელიწადში მოახერხეს ამ ენერგოდამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა. მაგალითად, გერმანიას, რომელსაც საკუთარ მოხმარებაში 35–იანი წილი ჰქონდა რუსული გაზისა, დღეს, სულ რაღაც 10 თვეში აქვს 0%–იანი წილი. სამხრეთ კავკასიის დერეფნიდან მიწოდებული გაზის წილი ევროკავშირის მოხმარებაში სულ რამდენიმე პროცენტია. მათთვის რეალურად არც ისე მნიშვნელოვანია ეს დერეფანი ენერგოუსაფრთხოების მხრივ, რომ ამის გამო საქართველოსთან ასეთ დიდ დათმობებზე წავიდნენ და შეცვალონ თავიანთი აპრობირებული პრაქტიკა ევროკავშირში გაწევრიანების. ცხადია, ამას არ გააკეთებენ. ერთის მხრივ, იყოს სანქციები და მეორეს მხრივ – გაგრძელდეს თანამშრომლობა იგივე ენერგოუსაფრთხოების სფეროში, ესეც არაა გამორიცხული.

– და სანქციები ვის წინააღმდეგ?

– ჯერ ალბათ, მაინც ნაადრევია სანქციებზე საუბარი. თუ იქნება ამ საკითხის რეალური განხილვა, ალბათ, თეორიულად, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიიღებენ კანონს და თუ მას მოჰყვება რეპრესიები. მსგავსი პრაქტიკა ძირითადად მოიცავს პერსონალურ სანქციებს: ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ–ში შესვლის აკრძალვას და პერსონალურ ფინანსურ სანქციებს. რაც შეეხება პერსონებს, ზოგადად, ისინი საქართველოს ალბათ, უყურებენ როგორც ოლიგარქიულ რეჟიმს, ამდენად, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს ოჯახსაც შეეხოს და მთავრობის მმართველ რგოლს, რომელიც ავანგარდში იყო ამ პროცესების, ასევე პარლამენტის წევრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს კანონს. თუმცა, ვიმეორებ, ამ ეტაპზე მაინც ნაადრევია საუბარი.

– მსგავსი გადაწყვეტილება დასავლეთში აღიქმება კურსის ცვლილებად? და თუ კი, მაშ უსაფრთხოების კუხით თანამშრომლობისთვის რამდენად საიმედო იქნება მათთვის საქართველო?

– მე მაინც მგონია, რომ ამას „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გამყარებისთვის აკეთებს – მთავარი მოტივაცია შიდა პოლიტიკურია და არა მაინც და მაინც ის, რომ მიებას რუსეთს. შესაძლოა, საბოლოო შედეგი ეს იყოს, მაგრამ მოტივაცია ძალის გამყარებაა.

– საბოლოო შედეგი ხომ ესაა? ჩვენ არ გვაქვს ფართო არჩევანი...

– ცხადია. რაც უფრო ვშორდებით დასავლეთს, მით უფრო იზრდება შანსები, რუსეთმა გაიმყაროს თავისი პოზიციები ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება სანდოობას, რა თქმა უნდა, დასავლეთი უფრო ენდობა ისეთ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, აქვს დემოკრატიული მმართველობის სტილი (ასეა მიღებული პრაქტიკაში), თუმცა ვფიქრობ, თანამშრომლობა სრულად არ შეწყდება. იგივე აზერბაიჯანიც რომ ავიღოთ, არც ის არის მაინც და მაინც პროდასავლური ქვეყანა და არც დემოკრატიული მმართველობა აქვს...

– მაგრამ არც მაინც და მაინც პრორუსული...

– დიახ, მაგრამ მათ მეტი ფინანსური რესურსი აქვთ – აქვთ ნავთობი და გაზი, რომ მეტად დამოუკიდებელი აქტორები იყვნენ. დასავლეთი ენერგოუსაფრთხოების სფეროში ინარჩუნებს თანამშრომლობის რაღაც დონეს, თუმცა ინსტიტუციურად ღრმა ურთიერთობები არ აქვთ. შესაძლოა, რაღაც მსგავსი განვითარდეს დასავლეთისა და საქართველოს შემთხვევაშიც: იყოს თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში, მაგრამ დიდი დაახლოება და ინტეგრაცია აღარ მოხდება.

– რაც ცხადია, შემდეგ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და მის მომავალზე...

– დიახ. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, სხვა რაიმე წიაღისეული. გარდა ფასეულობებისა, ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომაც გვსურს და იმიტომაც არის რაციონალური, რომ ეკონომიკურადაც ისარგებლებს საქართველო. არსებობს უამრავი პროგრამა, იგივე სექტორული ფონდები, საიდანაც მილიარდობით დოლარს მიიღებს ქვეყანა. ეს სიკეთეები შემდეგ აღარ იქნება.

– ეს პერსპექტივაში, მაგრამ ასევეა მოსალოდნელი, რომ არსებული მხარდაჭერა შეწყდეს, „საუკეთესო“ შემთხვევაში, შემცირდეს...

– რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი სახის დახმარება შეიძლება, შეწყდეს ან სხვა ქვეყანაში გავიდეს, იგვე მეზობელ სომხეთში, რომელსაც გავუსწრებთ ავტორიტარიზმში მსგავსი კანონის მიღებით. ბევრი რამ, იგივე უვიზო რეჟიმი მივიღეთ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ვითვლებოდით პროდასავლურ ქვეყნად, მეორეს მხრივ – უფრო დემოკრატიულად, ვიდრე სხვა სახელმწიფოები. ხედავდნენ პერსპექტივას და ეს „კოზირი“ აღარ გვექნება. ამიტომაც, ხვალ და ზეგ შესაძლოა, არ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ევროკავშირთან და აშშ–სთან თანამშრომლობის ყველა სფეროზე. ინვესტიციები შესაძლოა, ჩაიდოს მათთვის საინტერესო სეგმენტში, მაგრამ სფეროებში, რომლითაც უპირველესად, მოსახლეობა სარგებლობდა, მაგალითად მედიცინა, შემცირება. ჯამში საქართველო რეგიონში თავის ნიშას დაკარგავს – გახდება ერთი რიგითი მეზობელი სახელმწიფო, რომლის მიმართაც ინტერესი აღარ იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები