
თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა კობახიძის „კონსტიტუციური სამართალი“ დახიეს
08/03/2023 12:15:43 საზოგადოება
თბილსისი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის ეზოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო „კონსტიტუციური სამართალი“ დახიეს.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" წევრებს მათთის ლექციების წაკითხვის მორალური უფლება არ აქვთ.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.