
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ
08/03/2023 11:35:25 საზოგადოება
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. ისინი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. სტუდენტები შეძახილებით „არა რუსულ კანონს!“ ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.