
"არა რუსულ კანონს" - რეგიონებში აქციები იმართება
08/03/2023 11:32:14 საზოგადოება
„არა რუსულ კანონს“, „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“, - ამ მოწოდებებით ქუთაისში ქალების მარში იმართება.
მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ ინტერესებს. აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.
მარშის ორგანიზატორია ფონდი "სოხუმი" და "ქალთა კლუბი".
მსგავსი აქცია გამართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპული და ამერიკული გრანტებით წლებია სარგებლობენ. მათი განცხადებით, დასავლეთის გარეშე საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.
აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ქართველი ხალხი არ შეეგუება.
"აგეტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ოზურგეთში, ზუგდიდსა და თელავშიც.
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.