
"გამოდი ღირსების დასაცავად!": დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება
08/03/2023 08:03:43 საზოგადოება
"არა რუსულ კანონს - გამოდი ღირსების დასაცავად!"- დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.
"გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე "უმრავლესობამ", პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.
7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დაშავდა ათობით ადამიანი, ხოლო შსს–ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი.