Accentnews.ge
მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმიანება

მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმიანება

08/03/2023 05:08:33 საზოგადოება

მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმიანება.

"ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის. თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა", - იუწყება Reuters.

როგორც გამოცემა იტყობინება, „ივნისში, ევროკავშირმა, პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხების მოტივით, უარი თქვა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო დემონსტრანტები შიშობენ, რომ შესაძლოა ზიანი, მიადგეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს"

BBC წერს, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას.“

„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ბრიუსელი ამჟამად განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს“, - წერს BBC.

The Guardian იუწყება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შესაძლოა, გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.“

„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს.“ ბევრი ქართველი რუსეთს მტრად განიხილავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რის შედეგადაც ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული რჩება“, - წერს გამოცემა.

DW აღნიშნავს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს "უცხოელი აგენტის" კანონპროექტს.

„კანონპროექტი ფართოდ განიხილება, როგორც რეპრესიული რუსული კანონის მიბაძვა, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს გაანადგუროს თავისი კრიტიკოსები. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიდასავლური ნარატივები და უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებაზე უარის თქმა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტისკენ იხრება“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის: 7 მარტს პარლამენტის შენობასთან აქცია, მას შემდეგ განახლდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა დღის წესრიგში შეეტანა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S