
ბორელის ოფისი: "კანონის მიღებამ შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე"
07/03/2023 21:36:55 საზოგადოება
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს–სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა "აგენტების შესახებ" კანონპროექტმა "შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე".
"საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონპროექტი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით და ახსენებს ხალხის უფლებას, გამართოს მშვიდობიანი პროტესტი", - აღნიშნულია განცხადებაში.