
"დღეს ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია"
07/03/2023 16:01:14 ციტატა
"აგენტების კანონზე დისკუსიის ინიცირება იყო უკიდურესად სახიფათო, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და ცხადი იყო, რომ გამოიწვევდა ისედაც დამუხტული ვითარების, ისედაც მძიმე დაპირისპირების კიდევ უფრო მეტად, ხელოვნურად დამძიმებას, საზოგადოების კიდევ მეტ გახლეჩას. საჯარო კომენტარებს დღემდე თავს ვარიდებდი, მაგრამ დღეს ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია", – აცხადებს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ექს-თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.